среда, 1 мая 2013 г.

ჩვენს სახლებში ჩაწერილი უცხოელები

უცხოეთის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქის საკუთრებაში არსებულ ბინაში მისი ნებართვის გარეშე შეუძლია ჩაეწეროს. მოქმედი კანონმდებლობით, საცხოვრებელ ფართზე უცხოელის დარეგისტრირების შესახებ საქართველოს მოქალაქეს ინფორმაცია არ მიეწოდება.

News.ge უცხოელებისთვის დრობიეთი ბინადრობის მოწმობის მიღების საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე ბინაში მესაკუთრეთა ნებართვის გარეშე ჩინეთის მოქალაქეების დარეგისტრირების შესახებ. ოჯახმა საკუთარ ბინაში 4 ჩინელის ჩაწერის შესახებ მხოლოდ წყლის ქვითრის მიღების შემდეგ გაიგო. ქვითარში მითითებული გადასახადი 2-ჯერ აღემატებოდა სულადობის შესაბამის რეალურ მაჩვენებელს. მესაკუთრეებმა საჯარო რეესტრში ბინაში ჩაწერილი პირების ამონაწერი მოითხოვეს, რომელშიც ბინაში რეალურად მცხოვრები 4-ის პირის ნაცვლად, 8 ადამიანი აღმოჩნდა. გაირკვა, რომ ჩინეთის მოქალაქეებმა სამოქალაქო რეესტრში დროებითი ბინადრობის მოწმობის მისაღებად აღნიშნული მისამართი მიუთითეს, თუმცა ფაქტობრივად არასდროს უცხოვრიათ იქ. ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე ჩინელები ბინიდან ამოწერეს.
უცხოელებისთვის დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემისთვის აუცილებელ პროცედურებზე News.ge სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსს, მამუკა სამხარაძეს ესაუბრა.
მისი თქმით, რეგისტრაციისათვის აუცილებელ პროცედურებში არ შედის ინფორმაციის გადამოწმება, რეალურად ცხოვრობს თუ არა, განმცხადებელი მის მიერ მითითებულ მისამართზე. კანონმდებლობის შესაბამისად, დროებითი ბინადრობის მოწმობის გასაცემად სამოქალაქო რეესტრის სააგენტო არ ითხოვს არც საცხოვრებლის მესაკუთრის ნებართვას და მოწმობის გაცემის შემთხვევაშიც, არ ატყობინებს მას მის კუთვნილ ფართზე უცხოელის დარეგისტრირების შესახებ.
ამასთან, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მიეწოდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უცხოელი არ ცხოვრობს მის მიერ მითითებულ მისამართზე, რომლის საფუძველზეც ბინადრობის მოწმობა მიიღო, რეგისტრაციის ცნობა გაბათილდება.
როგორც სამხარაძე განმარტავს, დროებითი რეგისტრაციის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ ხშირ შემთხვევაში გამქირავებლები უარს აცხადებენ იმ ხალხის დროებით რეგისტრაციაზე, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობენ მათ კუთვნილ ბინებში.
უცხოეთის მოქალაქისგან განსხვავებით, დროებითი ბინადრობის მოწმობის მისაღებად საქართველოს მოქალაქეს მოეთხოვება ორი პირის წერილობითი დასაბუთება, რომ ნამდვილად ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, ან თავად ბინის მესაკუთრის დასტური.